X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

21 სექტემბერი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო ბანკის (WB) ახალ რეგიონულ დირექტორთან, როლანდ პრაისთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და  მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი აბდულაზიზ ფაგი.

შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე.  მან, ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის.

როლანდ პრაისმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი და აღნიშნა, რომე ეს შედეგები თანამშრომლობის გაფართოვების კარგ შესაძლებლობას იძლევა. 

ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკის დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან, ასევე,  მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს.